ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა ნიშნავს ქართული პროდუქციის უფრო კიდევ მეტ პოპულარიზაციას და გაზრდილ ექსპორტს

ირაკლი ნადარეიშვილი

"ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე წელს საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი მიენიჭა, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას და ყურადღებას ქართული პროდუქციის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში გაზრდილ ექსპორტში აისახება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შანხაიში მიმდინარე მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაში (China International Import Expo (CIIE)) საქართველო 2018 წლიდან რეგულარულად, უკვე მერვედ მონაწილეობს. წელს გამოფენაში ტრადიციულად 40-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი მრავალფეროვანი პროდუქციით.

საგამოფენო სივრცე, სადაც საქართველო სამი პავილიონია განთავსებული, ჩინეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და სამთავრობო დელეგაციის წევრებმა, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და მინისტრის მოადგილეებმა ირაკლი ნადარეიშვილმა და გენადი არველაძემ დაათვალიერეს.

"გამოფენის სტუმრებს საქართველოს ეროვნულ პავილიონში ვთავაზობთ ინფორმაციას ქართული კულტურის, გასტრონომიისა და ფოლკლორის შესახებ, ასევე წარმოდგენილია სასმლის, საკვების  და სამომხმარებლი პროდუქციის პავილიონები. ჩვენი რეალური მოლოდინია, რომ სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაიზრდება საქართველოდან ექსპორტი საკვების, სასმლის, ასევე ტექსტილისა და სამომხმარებლო საქონლის მიმართულებები", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველო სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით მონაწილეობს. სააგენტოს პარტნიორები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ღვინის ეროვნული სააგენტო.