1789467643
ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველო-იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს.
ირაკლი მეზურნიშვილმა იაპონელ დიპლომატს წინა კვირას ტოკიოში მისი სამუშაო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ იჩირო აისავასთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ის აქტუალური საკითხები განიხილეს, რომელიც ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას უკავშირდება.
მისი განცხადებით, იაპონელ ბიზნესმენებთან შეხვედრისას საქართველოში ინვესტიციების განთავსების მიმართ დიდი დაინტერესება გამოითქვა, საუბარია ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და IT მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
„იაპონიის ელჩთან შეხვედრაზე იაპონიის ქალაქ ჰინოში გამართულ შეხვედრებზე ვისაუბრეთ, სადაც კასპის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ მაისურაძესთან ერთად ვიმყოფებოდი. შეხვედრებზე ორ ქალაქს შორის - კასპსა და ჰინოს დაძმობილების მიმართულებით ვისაუბრეთ. ოქტომბრის დასაწყისში კი, კასპის მუნიციპალიტეტში ქართულ-იაპონური მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვა იგეგმება. იაპონელ დიპლომატთან აღნიშნული ღონისძიების საორგანიზაციო საკითხები განვიხილე და მისი მხრიდან მხარდაჭერის გზავნილები მოვისმინე. უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიის და საქართველოს ქალაქებს შორის დაძმობილება ორი ქვეყნის ურთიერთობებს კიდევ უფრო დააახლოებს. იაპონია არის ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის სუვერენიტეტს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე აქტიურად უჭერს მხარს“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.










