ირაკლი ლექვინაძემ ადიგენში ადგილობრივ ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო შეხვედრა გამართა

ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო შეხვედრების ციკლს აგრძელებს. ინიციატივის ფარგლებში, სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე და სააგენტოს წარმომადგენლები 22 ოქტომბერს ადიგენის ახლაგაზრდულ ცენტრში ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, ირაკლი ლექვინაძე კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე პრეზენტაციას გაუძღვა. მან ახალგაზრდებს გააცნო კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი პრინციპები, კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკების გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები. სააგენტოს თავმჯდომარემ განუმარტა, თუ რა გავლენა აქვს კონკურენციას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, კერძოდ, როგორ უწყობს კონკურენტული გარემო ხელს მომხმარებლისთვის უკეთესი ფასის, ხარისხისა და არჩევანის შეთავაზებას.

შეხვედრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას მომხმარებელთა უფლებები წარმოადგენდა. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს დისტანციურად, მათ შორის, ონლაინ შეძენილი საქონლის დაბრუნების 14-დღიანი უპირობო უფლებისა და კანონით გათვალისწინებული ორწლიანი სამართლებრივი გარანტიის შესახებ. განიხილეს ის პრაქტიკული მაგალითები, რომელთა ცოდნა მომხმარებლებს საკუთარი უფლებების დაცვასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

ირაკლი ლექვინაძემ ახალგაზრდებს გააცნო პორტალი ekalata.gov.ge, რომელიც სხვადასხვა სავაჭრო ქსელში ფასების შედარებისა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. თავმჯდომარემ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების, კონკურენციის ონლაინ ლექსიკონისა და მათი გამოყენების შესახებ, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში მომხმარებლის უფლებების დაცვასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

შეხვედრები მიზნად ისახავს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ცნობიერების გაზრდის ხელშეწყობას. ადიგენში გამართული შეხვედრა ახალგაზრდობის სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. ინიციატივა ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარებას ითვალისწინებს.

✕