სადგურის მოედანზე სახლის ჩამონგრევას, სავარაუდოდ, მსხვერპლი მოჰყვა
1752510040
ბოიკოტი ჩვენთვის არ არის ის გზა, სადაც შეიძლება, იბრძოლო და ივანიშვილის რეჟიმი დააზიანო. ქუჩაშიც გავაგრძელებთ ბრძოლას, უმნიშვნელოვანესია საგარეო ველზე ბრძოლა, ასევე მნიშვნელოვანია თუნდაც ეს ე.წ. საარჩევნო პროცესი, რომელშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების უსაფუძვლო განცხადებებს არ პასუხობენ და ბრძოლის გაგრძელებაზე მათ განსხვავებულ სტრატეგიას პატივს სცემენ.
„პოლიტიკურ ლიდერებთან ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები და თავადვე დახურეს კონსულტაციების ეტაპი. ჩვენ გადავდივართ უკვე კონსულტაციებსა და მოლაპარაკებებზე საქართველოს მოქალაქეებთან, რომელთაც ვეუბნებით, რომ ბოიკოტი ჩვენთვის არ არის ის გზა, სადაც შეიძლება, იბრძოლო და სადაც შეიძლება, შენ ივანიშვილის რეჟიმი დააზიანო. ჩვენ ვამბობთ, რომ ქუჩა არის მნიშვნელოვანი და ქუჩაშიც გავაგრძელებთ ბრძოლას, პროტესტს, უმნიშვნელოვანესია საგარეო ველზე ბრძოლა სანქციებისა და დელეგიტიმაციისთვის. ასევე მნიშვნელოვანია თუნდაც ეს ეგრეთ წოდებული საარჩევნო პროცესი, რომელშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ გაუარესდა ვითარება საპროტესტო მიმართულებით. პროტესტს რეალურად გიკრძალავს „ქართული ოცნება“, გაუარესდა მდგომარეობა მედიაში, ჟურნალისტებს თავს ესხმიან, ტელევიზიები დახურვის პირასაა, ხელოვნურ, ფინანსურ კრიზისსაც ქმნიან, მაგრამ დაანებეთ თავი ჟურნალისტიკას. არა, აქ ხართ. ასევე იბრძვის ქუჩაც, გააუარესეს ვითარება, საარჩევნო სისტემები? გააუარესეს, მაგრამ მაინც ვაპირებთ ბრძოლას.
ჩვენ გვაქვს ძალიან ცალსახა პოზიცია და სტრატეგია. ჩვენ არ ვპასუხობთ ოპოზიციური პარტიების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებს. ვაფასებთ და პატივს ვცემთ მათ განსხვავებულ სტრატეგიას, როგორ წარმოუდგენიათ ბრძოლის გაგრძელება. ჩვენ არ ვაპირებთ, ვიყოთ ოპოზიციის ოპოზიცია. ჩვენ ვართ რუსული რეჟიმის ოპოზიცია და გავაგრძელებთ ამ ოპონირებას ივანიშვილთან და არა პროდასავლურ პარტიებთან, როგორი წარმოდგენაც არ უნდა ჰქონდეთ ჩვენზე. ამიტომ ეს არის ცალსახა პოზიცია, რომელიც არ შეიცვლება. არანაირ ბრალდებას არ ვუპასუხებთ, გავაგრძელებთ წინააღმდეგობას“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ 4 ოქტომბრის არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. აღნიშნულთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ „ქვეყანაში არ არსებობს არანაირი არჩევნები, ეს არის რუსული სპეცოპერაცია და რუსულ სპეცოპერაციაში ვინც შევა, აუცილებლად მიიღებს პასუხს“.