ირაკლი კობახიძე: საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია ასახულია კონსტიტუციაში და მაშინ ოპოზიციამ ჩვენს ამ ძალისხმევას მხარი არ დაუჭირა, საგარეო პოლიტიკური კონტურები მკაფიო და ცხადია

ირაკლი კობახიძე

ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია ასახული არის კონსტიტუციაში და მინდა, შეგახსენოთ, რომ შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციას დაემატა სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით, ისიც მინდა, შეგახსენოთ, რომ მაშინ ოპოზიციამ ამ ძალისხმევას მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ევროპული ბიუროკრატიის მიდგომები და გლობალური პოლიტიკური კონტექსტი თუ შეიცვლება, შესაძლებელი გახდება დასახული მიზნების მიღწევა.

„დღეს ვხედავთ, რომ გლობალური კონტექსტი არ არის ამ მიზნების შესრულებისკენ მიმართული. ხედავთ, როგორ ვითარდება ნატო-უკრაინის ურთიერთობები, რაც აისახება სხვა ქვეყნებზეც. ვხედავთ, როგორია ბიუროკრატიის მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიმართ. იმედი ვიქონიოთ, ეს მიდგომები შეიცვლება. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ეს არის ცხადი. ვფიქრობ, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კონტურები არის აბსოლუტურად მკაფიო და ცხადი“, – განაცხადა კობახიძემ.