ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

კობახიძე და ერდოღანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა, სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ერდოღანს 15 აპრილს თურქეთში, სკოლაში მომხდარი სროლით გამოწვეული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

„შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე და ერთობლივი რეგიონული პროექტების როლზე. მათ შორის აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენისა და სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობა როგორც რეგიონისა და ევროპის დაკავშირების, ისე ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის პოტენციალზე და მისი განვითარების მიმართულებით შემდგომ თანამშრომლობაზე“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დაესწრო.