ირაკლი კობახიძე: პრინციპულად ვებრძვით კორუფციის ნებისმიერ გამოვლინებას, ჩვენი მიზანია, მოვხვდეთ ევროპის სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით

ირაკლი კობახიძე

როგორც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ასევე ნარკოტიკული დანაშაულის, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ და, ზუსტად ასევე, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ხელისუფლება არის აბსოლუტურად პრინციპული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუშეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება აცხადებს მარტივ რამეს – ვერავის ვერ უნდა გაუჩნდეს კორუფციული დანაშაულის ცდუნება.

„ოპოზიცია ტრაგიკულად უყურებს ჩვენს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. მუდმივად აკეთებენ განცხადებებს, თითქოს ეს არის მოჩვენებითი ბრძოლა. ამ დროს ფაქტი არის ის, რომ მთავრობის ყველა აქტი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას: ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში რა აქტებიც გამოიცა, ჩახედონ თითოეულ მათგანს და თუ სადმე რაიმე კითხვის ნიშანი ექნებათ, მზად ვართ, ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხოთ. არავითარი კითხვებიც კი არ არსებობს, იმიტომ, რომ მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ და სუფთად. პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა მთლიანად აღიკვეთა, აბსოლუტურად გამჭვირვალეა ნებისმიერი შესყიდვები. აქედან გამომდინარე, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მზად ვართ არა მხოლოდ გამჭვირვალედ, არამედ ბოლომდე სუფთად ვიმუშაოთ.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს – როგორც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ასევე ნარკოტიკული დანაშაულის, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ და, ზუსტად ასევე, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ხელისუფლება არის აბსოლუტურად პრინციპული. ეს ყველაფერი არის ფაქტები. ჩვენ ვაცხადებთ მარტივ რამეს – ვერავის ვერ უნდა გაუჩნდეს კორუფციული დანაშაულის ცდუნება. თუ ვინმე იქნება მსჯავრდებული კორუფციული დანაშაულისთვის, მას მოუწევს ათწლეულების განმავლობაში დეკლარაციის წარდგენა და, შესაბამისად, ვერ ისარგებლებს მოპარული თანხებით. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ პრინციპულად ვებრძვით კორუფციის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ განვაცხადეთ  ჩვენი მიზნის თაობაზე, რომ მოვხვდეთ ევროპის სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით და სწორედ ამას ემსახურება თითოეული ეს ნაბიჯი“, – განაცხადა პრემიერმა.