1782482969
ირაკლი კობახიძე: მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახლო მომავალში ევროპული ბიუროკრატია უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან
ღირსების გარეშე არცერთ საერთაშორისო ალიანსში წევრობას არ აქვს ფასი, ამიტომ ბოლომდე გავყვებით პრინციპულად ამ მიდგომას, სადაც იქნება კოლიზია ეროვნულ ინტერესებსა და კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას შორის, იქ აუცილებლად ვიმოქმედებთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 78-ე მუხლი გამოიყენებოდა ძალიან უხეშად და თავხედურად შანტაჟისთვის, სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
78-ე მუხლთან დაკავშირებით ციტატა გაიხსენეთ ჩემი სახელმძღვანელოდან, იგივე შეგიძლიათ ამოიკითხოთ კონსტიტუციაში. კონსტიტუციაში ჩავწერეთ ეს, პირადად მე ვიყავი საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, როდესაც კონსტიტუციაში ჩაიწერა 78-ე მუხლი და მაშინ, სხვათა შორის, ოპოზიციამ არ დაუჭირა ამ ცვლილებებს მხარი, მათ შორის არც 78-ე მუხლს. რაც შეეხება 28 ნოემბრის განცხადების თავსებადობას 78-ე მუხლთან: 78-ე მუხლში წერია ასეთი რამ, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროინტეგრაციისთვის და აქ, რა თქმა უნდა, იგულისხმება ყველა გონივრული ზომა. არსებობს ასევე კოლიზიის პრინციპი სამართალში და მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს პირველი თავით არის გარანტირებული სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპი და თუ არის კოლიზია სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპსა და კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას შორის, უპირატესობა კოლიზიის პრინციპის თანახმად, ენიჭება ძირითად დებულებებში განმტკიცებულ ნორმას.
სწორედ ასეთი დილემის წინაშე დადგა ჩვენი ქვეყანა, როდესაც 78-ე მუხლი გამოიყენებოდა ძალიან უხეშად და თავხედურად შანტაჟისთვის, სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ მოგვიწია ამ კოლიზიის გადაჭრა იმ განცხადებით, რომელიც გაკეთდა 28 ნოემბერს. ამ განცხადებას ჰქონდა ძალიან პირდაპირი ეფექტი და შედეგი და ეს არის რა: რომ არ ყოფილიყო ეს განცხადება, ჩვენ მოგვიწევდა სამ თვეში ერთხელ განცხადებების მოსმენა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ იმსახურებს მოლაპარაკებების გახსნას, რაც გამოვიარეთ მანამდე ორი წლის განმავლობაში - ის უსამართლობა და ორმაგი სტანდარტი, რაც მომაბეზრებელი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის. სამ თვეში ერთხელ ერთი და იგივე უსამართლობა. ძალიან მარტივად ჩავკეტეთ ჩვენ ეს სამარცხვინო ორმაგი სტანდარტი, სამარცხვინო უსამართლობა.
საბოლოო ჯამში ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია. მინდა შეგახსენოთ ჩვენი საარჩევნო დევიზი: მხოლოდ ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ. ეს არის ძალიან პრინციპული არჩევანი. ღირსების გარეშე არცერთ საერთაშორისო ალიანსში წევრობას არ აქვს ფასი. ამიტომ ბოლომდე გავყვებით პრინციპულად ამ მიდგომას. სადაც იქნება კოლიზია ეროვნულ ინტერესებსა და კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას შორის, იქ აუცილებლად ვიმოქმედებთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახლო მომავალში ევროპული ბიუროკრატია უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან. ასეთ შემთხვევაში ყველა პრობლემა ამ ურთიერთობებში მყისიერად გადაიჭრება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.












