1692302192
ირაკლი კობახიძე: კახი კალაძე არის მერი, რომელსაც ინატრებდა ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი, შემდეგ ოთხ წელიწადშიც, მისი ხელმძღვანელობით, უამრავი რამ გაკეთდება დედაქალაქის მოსახლეობისათვის

კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის მიმართულებით ბევრი რამ არის გაკეთებული დედაქალაქში, დღევანდელი პრეზენტაცია ძალიან შთამბეჭდავი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ თბილისის მერის ანგარიშის შემდეგ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციასთან ერთად, განხორციელდა არაერთი პროექტი და პროგრამა, რომლებიც დედაქალაქის მცხოვრებლების ყოველდღიურობაზე პირდაპირ აისახება.
„დღევანდელმა პრეზენტაციამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ კახი კალაძე არის მერი, რომელსაც ინატრებდა ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი. ამ მიმართულებით განვითარება უნდა გაგრძელდეს. მომავალშიც, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაშიც, კახი კალაძის ლიდერობით, ხელმძღვანელობით გაკეთდება უამრავი რამ ჩვენი დედაქალაქისა და დედაქალაქის მოსახლეობისათვის. ჩვენს დედაქალაქს სჭირდება შემდგომი განვითარება და შესაბამისი პროგრამა იქნება წარმოდგენილი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ დედაქალაქის მერის ანგარიშს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო.