1759260719
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დანიაში გაიმართება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც 2 ოქტომბერს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება. მთავრობის მეთაური სამიტზე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოზე როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ქვეყნის ეროვნული ინტერესები ყველგან იქნება წარმოდგენილი, მათ შორის საუბარი შეეხება ევროპას, დაკავშირებადობის კუთხით. შესაბამისად, გზავნილები მკაფიოდ იქნება წარმოჩენილი ევროპელი პარტნიორებისთვის.
„ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ყველგან წარმოდგენილი, მე მექნება საშუალება, რომ მონაწილეობა მივიღო პანელში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც ვისაუბრებ ჩვენს ქვეყანაზე, განსაკუთრებით, ეკონომიკურ საკითხებზე, იმიტომ, რომ პანელის შინაარსი უკავშირდება სწორედ ეკონომიკურ საკითხებს. ამასთან ერთად, საუბარი გვექნება ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე. საქართველოს როლზე ჩვენს რეგიონში, ასევე ევროპისთვის, დაკავშირებადობის კუთხით, ეს იქნება ძირითადი გზავნილები, რომელსაც გავუზიარებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს“, - განაცხადა პრემიერმა.