ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის საელჩოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს

კობახიძე

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს და ეს უნდა შეიცვალოს.

„ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს. ბოლომდე  კონკრეტულად ელჩსაც ვერ დავადანაშაულებთ ამაში, იმიტომ, რომ ვიცით, რომ ეს არ არის მისი გადაწყვეტილება. არის მძიმე მოვლენები, რაც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს. ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია, რომ საქართველოსთან გააღრმავოს პარტნიორული ურთიერთობები, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მძიმედ აწვება ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას. ასეთ პირობებში ევროკავშირისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, თუმცა, ვხედავთ, რომ სხვა მიმართულებით მიდიან. წარმოიდგინეთ, რომ იმართება სამიტი, რომელშიც მონაწილეობს რეგიონის ფაქტობრივად ყველა ქვეყანა, მათ შორის, შუა აზიის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და ერთადერთი, ვინც არ მიიწვიეს, ეს არის საქართველო. როგორც ჩანს, საქართველო არის ყველაზე არადემოკრატიული ამ ქვეყნებს შორის. ირონიულად ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე. ხედავთ, სადამდე დავიდა ევროპული ბიუროკრატია. კატასტროფაა. ვერც ახსნი, მით უმეტეს, ვერც გაამართლებ ამ ყველაფერს. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში“, – განაცხადა კობახიძემ.