ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის საბჭოს ანგარიშებს დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძე

მე ამ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის საბჭოს ანგარიშის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, დასკვნაში როდესაც საუბარია იმ ადამიანების დაკავებებზე, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული რევოლუციურ პროცესებში, გამოდის, რომ ევროპული ბიუროკრატია პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ აქტებზე.

„დაკავებულია ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული რევოლუციურ პროცესებში, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმაში. გამოდის, რომ ევროპული ბიუროკრატია პასუხისმგებლობას იღებს ამ აქტებზე, რასაც ჰქვია აქტები სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. მე, ევროპული ბიუროკრატიის ადგილას, რა თქმა უნდა, ასეთ კრიმინალურ აქტებზე პასუხისმგებლობას არ გავიზიარებდი და არ ავიღებდი. რაც შეეხება კანონმდებლობას, თქვენ იცით, რომ საუბარია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე და აქ არავითარი კრიტიკის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ ამ კანონმა მოგვცა ყველაფრისთვის სახელის დარქმევის საშუალება და ეს იყო ამ კანონის მთავარი მიზანი. ყველაფერს დაერქვა სახელი, სახელი დაერქვა ე.წ. ენჯეოებს, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებას, უცხოურ აგენტურას დაერქვა, რეალურად, თავისი სახელი. საბოლოო ჯამში, ეს არ მოსწონს ვიღაცას ევროპულ ბიუროკრატიაში. აქაც, მათ ადგილას, მე არ ავიღებდი პასუხისმგებლობას იმ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებდნენ კონკრეტული ორგანიზაციები, ე.წ. ენჯეოები და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მე ამ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერმა.