ირაკლი კობახიძე: Eagle Hills-ის პროექტიდან სახელმწიფო ძირითად მოგებას იღებს გადასახადების სახით, დაახლოებით 500 მილიონს ველოდებით წელიწადში გადასახადების სახით, რაც პროექტის განხორციელების პირველივე წლიდან დაიწყება

კობახიძე პარლამენტში

Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების მინიმალური ხანგრძლივობა არის 6 წელი, მაქსიმალური 10 წელიწადი, სხვადასხვა ფაქტორზე იქნება ეს დამოკიდებული, თავად კომპანიის ინტერესშია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განხორციელდეს ეს პროექტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დივიდენდის განაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს ერთობლივი კომპანიის საბჭო, რომელშიც ქართული მხარეც არის წარმოდგენილი თავისი წევრებით.

„ქართული მხარე კომპანიაში არის წარმოდგენილი დირექტორის მოადგილით, ანუ ჩვენ უშუალოდ ვართ ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, რომელიც ჩაიდო ამ ხელშეკრულებაში. დივიდენდის გაცემას რაც შეეხება, რაც არის სტანდარტული პრაქტიკა, იმ პრაქტიკას გავყვებით და ერთობლივად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. თავად დივიდენდი პირველი წელს არ გაიცემა ხოლმე, შეიძლება, არც მეორე წელს გაიცეს. აქვე მინდა, შეგახსენოთ, რომ დივიდენდი არის შედარებით მცირე ნაწილი იმ მოგებისა, რომელსაც პროექტიდან მიიღებს სახელმწიფო. ძირითად მოგებას იღებს გადასახადების სახით. დაახლოებით 500 მილიონი არის, რასაც ველოდებით გადასახადების სახით, რაც პროექტის განხორციელების პირველივე წლიდან დაიწყება, მაშინვე მიიღებს სახელმწიფო ამ შენატანს გადასახადების სახით და საშუალოდ ეს იქნება 500 მილიონი წელიწადში. ეს 2 მილიარდი, რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის დამატებითი მოგება, რომელსაც მიიღებს სახელმწიფო. კომპანია Eagle Hills-სთან ერთად, მივიღებთ გადაწყვეტილებას დივიდენდის განაწილების თაობაზე, მათ შორის ათვლის წერტილის თაობაზე. ორივე მხარეს თანაბრად გვაინტერესებს, რაც შეიძლება მალე წამოვიღოთ დივიდენდი და მეორე, ისე არ წამოვიღოთ ის დივიდენდი, რომ პროექტს მივაყენოთ რაიმე ზიანი. აქ რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული ორივე მხარის ჩართულობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.