ირაკლი ფავლენიშვილი: სხვა ქვეყნებში არ მახსენდება პრეცედენტი, რომ ასეულობით პოლიტიკოსს ეკრძალებოდეს პოლიტიკური საქმიანობა, პარტიების აკრძალვის შესახებ კანონი არის ავტორიტარული

ირაკლი ფავლენიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონი ავტორიტარული კანონია.

მისივე თქმით, ყველანაირი უფლება არის შეზღუდული.

„საქართველოში მიიღება კანონები, რომელიც არსს უკარგავს არა მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეობას, არამედ, ზოგადად, კრიტიკული აზრის ქონას. ამავე ლოგიკით შეიძლება მიიღონ კანონი, რომ კრიტიკულად აზრის მქონე ადამიანებს არ შეეძლებათ ქუჩაში სიარული. ყველანაირი უფლება არის შეზუდული. ეს არის მაგალითი ქვეყანაში დიქტატურის დამყარების და ალბათ სასწავლო კურსშიც შეიტანენ.  სხვა ქვეყნებში მართლა არ მახსენდება პრეცედენტი, როცა არა მხოლოდ ათეულობით, ასეულობით პოლიტიკოსს ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა. მათივე დათვლებით, მილიონამდე საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება საარჩევნო უფლება, ხმის მიცემის უფლება. წინა არჩევნებში ვისაც აძლევდნენ ხმას, ის უბრალოდ აღარ იარსებებს, აღარ ექნებათ არსებობის საშუალება. ეს არის ერთ-ერთი ავტორიტარული, დრაკონული კანონი, რაც ამ ქვეყანას უნახავს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.