გუშინდელი სურათი იყო იმის განმარტება, რა ტაქტიკა აქვთ რადიკალურ ჯგუფებს, ოპოზიციას, ზოგიერთ „ენჯეოსა“ და მედიასაშუალებას - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

ფაქტობრივად, გუშინდელი სურათი იყო იმის განმარტება, რა ტაქტიკა აქვთ რადიკალურ ჯგუფებს, ოპოზიციას, ზოგიერთ „ენჯეოსა“ და მედიასაშუალებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გუშინ იურიდიულმა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს განიხილავდნენ, ყველამ ნახა, რა იყო დოგმატიზმი, მსჯელობის ჩახშობა, არშესვლა შინაარსში.

„რასაც თვითონ ამბობენ, შინაარსში არ შედიან, დოგმებით საუბარი – გვითხრა უცხოელმა, ასე უნდა გავაკეთოთო. ის კი არა, ქართველ ხალხს რა უნდა, ჩვენთვის რა არის კარგი ან ქვეყნისთვის რა არის კარგი. გუშინ მამუკა მდინარაძემ ამას ძალიან კარგად უპასუხა. ევროკავშირიდან ჩვენ იმასაც გვაუბნებოდნენ, მიხეილ სააკაშვილი გაგვეშვა, უნდა გაგვეკეთებინა ეს? არ უნდა გაგვეკეთებინა, არ გავაკეთეთ და ძალიან კარგიც იყო. საბოლოო ჯამში, ევროკავშირიც დარწმუნდა – ჯადოსნური ხერხებით მიხეილ სააკაშვილი, აღმოჩნდა, რომ გამოჯანმრთელდა სხვადასხვა განუკურნებელი სენისგან.

30 წელზე მეტი გავიდა ჩვენი დამოუკიდებლობიდან და როგორ აღმოჩნდნენ ზუსტად ის ჯგუფები, რომლებიც, წესით, სიტყვით ქადაგებენ თავისუფლებას, თითქოსდა სინამდვილეში არიან დოგმებში ჩაკეტილი ჯგუფები, რომლებისთვისაც ერთადერთი ავტორიტეტი არის, რას გეტყვიან უცხოეთიდან. არა ის, რას გეტყვის ქართველი ხალხი, არა ის, რა სჭირდება ამ ქვეყანას, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. როგორ მოხდა, რომ აქამდე მივიდნენ ეს ჯგუფები, რომლებსაც უნდათ, თავიანთი თავი პროგრესულებად წარმოადგინონ? პროგრესია, როცა სუვერენული ქვეყნის წარმომადგენლები უცხო ქვეყნის ინტერესებზე არიან აწყობილი?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.