გურამ თირქია: გიგი უგულავა სამეგრელოს გუბერნატორობისას ხანდახან სათევზაოდ დადიოდა და ელექტროდენით იჭერდა თევზს, ხალხი მეუბნებოდა, ჩვენ დაგვაგდებინეთ ეს აპარატი, გუბერნატორი რომ იჭერს თევზს აპარატით, დასაშვები არისო?

გურამ თირქია

"სამეგრელოში გიგი უგულავა იყო გუბერნატორი, ეს არის დაახლოებით 2004-2005 წლებში. მე ვიყავი მონადირეთა კავშირის უფროსი და ვიცნობდი გიგი უგულავას, ხანდახან სათევზაოდ დადიოდა და ორჯერ ვარ შეხვედრილი, როცა ელექტროდენით იჭერდა თევზს", - ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების დროს დაზარალებულმა გურამ თირქიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიაში ხალხი ეკითხებოდა, რამდენად დასაშვები იყო გუბერნატორის ბრაკონიერობა იმ ფონზე, როცა თირქიამ მოსახლეობას დენის აპარატით თევზაობა აუკრძალა.

"მაშინ გარემოს დაცვა არ იყო, ჩვენი ხალხი იცავდა, მყავდა "ეგერები" და ანაკლიაში ხალხი მეუბნება: ბატონო გურამ, ჩვენ დაგვაგდებინეთ ეს აპარატი და დენი, გუბერნატორი რომ ზის და იჭერს თევზს აპარატით, ეს დასაშვები არისო? რომ გამაფრთხილეს, ჩემი თვალით ვნახე ერთი-ორჯერ, ვუთხარი, თუ იცით, რას შვებით-მეთქი? ამის შედეგ, 2005 წელს, სამსახურში მიბარებს, ეს ბრაკონიერობა დაავიწყდა და მეუბნება: ვიცი, შენი დისშვილი ვინ არის, შორიდან ვიცნობო. უთხარი, ახალი მოსულები ვართ მთავრობაში და დაგვეხმაროს 5 მილიონი აშშ დოლარითო. ამ თანხით, თქვენ, თქვენს საკუთარ მიწაზე ერთ სასტუმროსაც აგიშენებო", - განაცხადა გურამ თირქიამ.