იტალიაში 26 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს
1747920764
მე ვამტკიცებ, რომ გურამ შარაძის მკვლელობის სცენარი წინასწარ იყო მოფიქრებული, დადგმული და შესრულებული. საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული, – ამის შესახებ აკადემიკოს გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.
რუსუდან შარაძის თქმით, 2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების კუთხეში, 18 ნომერთან გურამ შარაძე მოკლეს სამი გასროლით.
„სამი ტყვია თავში – პირველი იყო უკნიდან კეფაში, პირველივე სასიკვდილო და შემდეგ იქვე ჩაკეცილზე საფეთქელზე ორი საკონტროლო გასროლა დაახალეს. „ალდაგი“არის სადაზღვევო კომპანია, რომელიც იმ დროს განთავსებული იყო ზუსტად იმ ადგილას, ჰქონდა ხუთი კამერა. ორი კამერა ეყენა მელიქიშვილზე, რომელშიც გამოჩნდნენ მამაჩემი და მკვლელი, ორივე კამერაზე, ოღონდ სხვადასხვა რაკურსით. ორი ჯანაშიაზე ეყენა და ერთი შანიძის ქუჩაზე. ეს ადგილი სპეციალურად, შეგნებულად იყო შერჩეული, რომ გურამ შარაძე ზუსტად იმ ადგილას, იმ კამერების წინ უნდა მოეკლათ. ჩვენი ოჯახის მიმართ ხორციელდებოდა თვალთვალი, ძალიან დიდი ხანი. ზეპირად იცოდნენ მამაჩემის განრიგი. გურამ შარაძე იყო ძალიან მოწესრიგებული კაცი, განსაკუთრებით საქმეში ძალიან პუნქტუალური, გაწერილი გრაფიკით. ყოველ კვირა დღეს მთელი ცხოვრება მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და საღამოობით, ვინაიდან უყვარდა ვარჯიში, მოძრაობა, ყოველთვის ბრუნდებოდა ფეხით. გარდა ეროვნული ბიბლიოთეკისა, კვირა დღეს „ასავალ დასავალში“ იბეჭდებოდა მისი „ასი წერილი ქართველ ერს“. 33 წერილის დაწერა მოასწრო, ესეიგი, 33 კვირა დღე იქ გაიარა. ორშაბათს გამოდიოდა გაზეთი და ყოველთვის გადაიკითხავდა კვირა დღეს, სხვანაირად გამორიცხული იყო. ბარათელსაც ყოველ დღე უთვალთვალებდნენ, ის შემთხვევით იქ არ მოხვედრილა. გიორგი ბარათელი გახლავთ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მსჯავრდებული, რომელმაც სასჯელი მოიხადა. ბარათელს პოლიცია უთვალთვალებდა, რასაც პოლიცია არ მალავს. საქმეში დევს ამის მტკიცებულებები. მამაჩემი მოკლეს 20 მაისს და ვითომ 5 მაისს გიორგი ბარათელი საკუთარ ექიმს, გვარად ტირზიკიანს სახლში მიუვარდა და მსუბუქად დაჭრა. ეს არის ოფიციალური ვერსია. ვთქვათ დაჭრა ან რაღაც შეურაცხყოფა მიაყენა, სააკაშვილის პოლიცია 5 მაისიდან 20 მაისამდე ბარათელს აკვირდებოდა? როგორც წარმოგიდგენიათ, 5 მაისიდან 20 მაისამდე უთვალთვალებდნენ და ხელს არ კიდებდნენ“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.
ამასთან, რუსუდან შარაძის განცხადებით, „ალდაგის“ორივე კამერა ერთმანეთის მიმართულებით იყურებოდა ვაკისკენ და ამით დამალეს მკვლელის სახე. რუსუდან შარაძე ამბობს, რომ დათო გამყრელიძის კომპანია „ალდაგის“ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამ შარაძის მკვლელობის მონაწილე.
„მოგეხსენებათ, კამერების, ვიდეოთვალის მთავარი დანიშნულებაა, ეყენოს ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით, რომ გაკონტროლდეს პარამეტრი ყველა მხრიდან. მკვლელობის მომენტში, მელიქიშვილზე „ალდაგის“ორივე კამერა ერთმანეთის მიმართულებით იყურებოდა ვაკისკენ. ამით დამალეს მკვლელის სახე. მკვლელი რომ კადრში შემოდის, ის მხოლოდ ჩანს ზურგიდან. ჩვენთვის ესეც საკმარისია, მაგრამ თავად ეს გააკეთეს, შემთხვევით ვერ მოხდებოდა. მესამე კამერა, რომელიც ეყენა შანიძის ქუჩაზე და წესით უნდა ეკონტროლებინა გზა, იყო შეტრიალებული ტროტუარისკენ, ჩანს სადარბაზოები და საცხოვრებელი სახლი. ზუსტად ამ გზაზე აირბინა მკვლელმა და დამალეს. ეს ფაქტები შემთხვევით ვერ მოხდებოდა.
„ალდაგის“ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამ შარაძის მკვლელობის მონაწილე, შეიძლება მთელი შემადგენლობით არა , მაგრამ ნაწილი მაინც. და ბატონი დათო გამყრელიძე რომ გამოდის და არა რუსულ კანონს ყვირის, სჯობს, ის მოიძიოს და მოიკითხოს, მის ოფისში როგორ კლავდნენ გურამ შარაძეს, უფრო სწორად, მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში. თუ არ მისმენს, გადაეცით დათო გამყრელიძეს, მის კომპანია „ალდაგში“ არიან გურამ შარაძის მკვლელები“, – აღნიშნა რუსუდან შარაძემ.