1752076138
გურამ მაჭარაშვილი წითლიძის განცხადებაზე: ეს აუცილებლად არის დადგმული სპექტაკლი, რომ სათავო „ნაცმოძრაობა“ ებრძვის მის ფილიალ შვილობილ „ლელოს“ და გახარიას

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის ბრალდებას იმის შესახებ, რომ „ლელო“ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს, დადგმული სპექტაკლი უწოდა. მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტიები უცხოელ პატრონებს ეკეკლუცებიან და ისინი ერთმანეთის დაბეზღებას დაიწყებენ.
„ეს აუცილებლად არის დადგმული სპექტაკლი, რომ სათავო „ნაცმოძრაობა“ ებრძვის მის ფილიალ შვილობილ „ლელოს“ და გახარიას, რათა ხალხს მაქსიმალურად დააჯერონ, რომ ვითომ გახლეჩა მოხდა „ლელოს“ და გახარიასი „დედა ნაცმოძრაობისგან“. ისინი ეკეკლუცებიან თავიანთ პატრონებს უცხოეთში, ვის მეტი ფული გადმოურიცხონ - ამაზე წავა ახლა ეგრეთ წოდებული დაბეზღებების, ვინ რას აკეთებდა, ვინ უჯერებდა, ვინ არ უჯერებდა თავის პატრონს უცხოეთში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ანა წითლიძე პარტია „ლელოს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის წარმომადგენლები „ჩემოდნით დადიოდნენ“ და „ნაცმოძრაობის" წევრებს სთავაზობდნენ, მათ გვერდით დამდგარიყვნენ, ფული კი იმდენი ექნებოდათ, რამდენიც დასჭირდებოდათ.