გურამ მაჭარაშვილი: რეალურად, სურათს თუ შევხედავთ, ოპოზიცია უნდა დათანხმდეს პაატა ბურჭულაძის და მურმან დუმბაძის მოწოდებას

მაჭარაშვილი

ფილიალებად დაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გახლეჩის პროცესი დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი უნდა დათანხმდნენ პაატა ბურჭულაძის და მურმან დუმბაძის მოწოდებებს, არჩევნების ტელეფონებით ჩატარებასა და მასში მოსწავლეების მონაწილეობაზე.

„ბადრი ჯაფარიძე ეთანხმება სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არ ეთანხმება ჩერგოლეიშვილს, რომელიც, თავის მხრივ, ეთანხმება  ხოშტარიას და ეს უკანასკნელი საერთოდ არ ეთანხმება არავის, ეს არის მათი ძალიან „ლოგიკური“ გეგმა. ფილიალებად დაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გახლეჩის პროცესი დაწყებულია და დასასრულს უახლოვდება. ეს ყველაფერი ასევე დამოკიდებულია იმაზე, რომ ეს ხალხი თავიდან ბოლომდე უცხოეთზეა დამოკიდებული. ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან „დიფ სთეითად“ წოდებული ცნობილი გლობალური ომის პარტია აკეთებს იმას, რომ რეალურად შუაზე გაყო „ნაცმოძრაობა“. ნახევარს ეუბნება, რომ მონაწილეობა არ მიიღო, ნახევარს კი ეუბნება, მიიღე მონაწილეობა. ქვეყნის არევის საშუალებას სადაც ნახავს, იმის მიხედვით, ხან ერთმანეთს დააპირისპირებს და ასე შემდეგ. ეს არის რეალური სურათი.

რეალურად, სურათს თუ შევხედავთ, ეს ხალხი უნდა დათანხმდეს პაატა ბურჭულაძის და მურმან დუმბაძის მოწოდებას. ერთი ამბობს, რომ ტელეფინებით ჩაატაროს არჩევნები, რაღაც თამაშობები გამართოს არჩევნებზე და მეორე ამბობს, რომ მე-10-დან და მე-12 კლასელების ჩათვლით მოსწავლეებს არჩევნებში მონაწილეობა მიაღებინოს. მგონი, ცუდი აზრი არ არის, რომ „ნაცმოძრაობამ“ და ასევე მისმა ფილიალებმა სწორედ ბურჭულაძეს და დუმბაძეს მიმართონ. სანახაობრივადაც კარგი იქნება და ალტერნატიულ საქართველოში ისედაც აპირებენ და ცხოვრობენ კიდეც. პარალელურად, არჩევნებსაც ჩაატარებენ. შეიძლება კიდეც აირჩიიმ თავიანთი მერები, მგონი, გამზადებული ჰყავდათ პრემიერი ვაშაძე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკვე ჰყავთ და მერე მინისტრებს გადაინაწილებენ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია აღიარებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები არსებობს.

„რაც შეეხება თავად თვითმმართველობის არჩევნებს და მის ჩაშლა-არჩაშლას, ეს ხალხი პირდაპირ აღიარებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები არსებობს. აღიარებს, რადგან ჩვენზე მეტჯერ საუბრობენ თვითმმართველობის არჩევნებზე და 4 ოქტომბერზე. შენ თუ გინდა, რომ ყველაფერს ბოიკოტი გამოუცხადო, არ უნდა გაინტერესებდეს, როდის არის თვითმმართველობის არჩევნები, ჩატარდება თუ არა. როგორც კი, შენ გინდა, იმუშაო იმაზე, რომ ქვეყანაში რევოლუციები მოახდინო, გვახსოვს დუმბაძის განცხადება იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ ყველგან წააგო, ქუჩაში, პარლამენტში და უცხოეთში აღარ სცალიათ და ერთადერთი რევოლუცია მოდის. მიწაზე ყურდადებული ელოდებიან რევოლუციას. ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ მხარდამჭერები არსად აღარ გყავს და ძალადობაზე გადადიხარ. ხაბეიშვილმაც იგივე თქვა, ეს ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა დავამხოო. ძალიან აჭრილები არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნებს კი აღიარებ და ისიც იცი, რომ წააგებ, მაგრამ ახლა გინდა, ეს ყველაფერი არ შედგეს, რადგან უცხოეთიდან ასე გეუბნებიან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.