გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ საჯაროდ თქვეს, რომ საკონსტიტუციო დავის დაწყება უცხოელებმა დაავალეს, უცხო ქვეყნების ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ

მაჭარაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საჯაროდ თქვეს, რომ საკონსტიტუციო დავის დაწყება უცხოელებმა დაავალეს, შესაძლოა, სარჩელის მომზადებას თავად არც ფიქრობდნენ, მაგრამ ეს უცხოელებმა დაავალეს, – ამის შესახებ  პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, უბედურება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უცხოეთის დაკვეთით მოქმედებს.

„ნაცმოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ საკუთარ თავს არ ეკუთვნის. ეს კარგია იმ გაგებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მტკიცებულების სახით ექნებათ, რომ ეს ხალხი უცხოური ინტერესებით მოქმედებს და არა, ქართული ინტერესების შესაბამისად. საჯაროდ თქვეს, რომ საკონსტიტუციო დავის დაწყება უცხოელებმა დაავალეს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, სარჩელის მომზადებას თავად არც ფიქრობდნენ, მაგრამ ეს უცხოელებმა დაავალეს. ეს იმას ნიშნავს, რაც მათ პროკურორის მხრიდან ბრალი წარედგინათ, რომ უცხო ქვეყნების ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ და საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ცუდის მეტი არაფერია იმაში, რომ საკუთარი ხალხის ნაცვლად, სხვებს ითვალისწინებენ. მთელი უბედურება ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ უცხოეთის დაკვეთით მოქმედებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც პარტიის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, „ქართულო ოცნების“ წინააღმდეგ სარჩელების შეტანა რამდენიმე ეტაპად მოხდება.