გურამ მაჭარაშვილი: „ეუთო ოდირი“ ის ორგანიზაციაა, რომელიც ნაწილობრივ მაინც, ჯერ კიდევ სიმართლის მხარესაა

გურამ მაჭარაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან ეხმაურება „ეუთო ოდირის“ დასკვნას. ის იხსენებს ორგანიზაციის მიერ წარსულში გაკეთებულ შეფასებებსაც და ამბობს, რომ „ეუთო ოდირი“, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რიგ შემთხვევაში ინარჩუნებს ობიექტურობას. მაჭარაშვილის აზრით, ეს დადასტურდა ეუთო ოდირის მიერ 4 ოქტომბერის დამხობის მცდელობის შეფასებისასაც.

„პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა, რა თქმა უნდა, „ეუთო ოდირმა“ დაგმო. ეს იმას ნიშნავს, რომ გაითვალისწინა რადიკალური ოპოზიციის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. არ დაგვავიწყდეს, ის ადამიანები, რომლებიც იხდიან სასჯელს, მონაწილეობას იღებდნენ ანტისახელმწიფოებრივ პროცესში“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ „ეუთო ოდირმა“ გაიმეორა ის, რასაც „ხალხის ძალა“ წლების მანძილზე ამბობდა.

„პირველ რიგში, საზოგადოებას შევახსენოთ „ეუთო ოდირის“ დასკვნა 2024 წლის არჩევნებზე: მათ დაწერეს, რომ არჩევნები მცირე ხარვეზებით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც სამართლიანად შედგა. ეს დასკვნა გააპროტესტეს და შეიძლება ითქვას, თავზე გადაახიეს „ეუთო ოდირს“ ნაცმოძრაობამ, მისმა ფილიალებმა და მათმა პატრონებმა. მერე „ეუთო ოდირის“ გენერალური მდივანი შეურაცხყვეს, როცა აქ ჩამოვიდა, რუსეთუმე ეძახეს. იგივე მოხდა 2025 არჩევნების დროს და ახლა უკვე, როცა „ეუთო ოდირმა“ რეალურად შეაფასა საქართველოში მიმდინარე პროცესები, რა თქმა უნდა, ცივი წყალი გადაესხა რადიკალურ ოპოზიციას. 4 ოქტომბერს მთავრობის დამხობის მცდელობა რომ ჰქონდათ, მოინდომეს ამ პროცესის ორღობის რევოლუციად გასაღება - თითქოს პრეზიდენტის ღობე იყო დამნაშავე, თითქოს ღობემ მოიწვია ასეულობით ადამიანი პრეზიდენტის სასახლესთან, მერე თვითონ შეირყა ღობე და თვითონ წაიქცა. ეს ხალხიც ღობემ შემოუშვა და მოახდენინა დამხობის მცდელობა, ეს ხალხი კი თითქოს არ მიდიოდა რევოლუციაზე. აღნიშნული, რა თქმა უნდა, „ეუთო ოდირმა“ დაგმო. ეს იმას ნიშნავს, რომ გაითვალისწინა რადიკალური ოპოზიციის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. არ დაგვავიწყდეს, ის ადამიანები, რომლებიც იხდიან სასჯელს, მონაწილეობას იღებდნენ ანტისახელმწიფოებრივ პროცესში - პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, სიმართლე ძლიერია. „ეუთო ოდირი“ ის ორგანიზაციაა, რომელიც ნაწილობრივ მაინც, ჯერ კიდევ სიმართლის მხარესაა. დანარჩენი ორგანიზაციები, ვგულისხმობ ბიუროკრატიას, ევროპარლამენტიდან დაწყებული და კომისიებით დამთავრებული, ძალიან უსამართლო განცხადებებს აკეთებენ. მაგრამ, ამ შემთხვევაში, „ეუთო ოდირის“ დასკვნის თანახმად, ქუჩის განცხადებები არაა ალტერნატივა და არჩეული პარტიები უნდა შევიდნენ პარლამენტში, იქ ჰქონდეთ დიალოგი სხვებთან. რეალურად, რასაც „ხალხის ძალა“ ვამბობდით ამ წლების განმავლობაში, იგივე გაიმეორა ეუთო ოდირმაც“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.