გურამ მაჭარაშვილი: ამაზე მეტი აბსურდი რა უნდა იყოს, როცა შენ თვითონ უწოდებ აქციას ძალადობრივს და მერე მიდიხარ და მხარდაჭერას უცხადებ. ეს არის დეკლარირებული მტკიცებულება, თუ როგორი ზეწოლის ქვეშ არის ეუთო/ოდირი

გურამ მაჭარაშვილი

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ისეთი ორგანიზაცია, როგორიც არის ეუთო/ოდირი, მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა ობიექტურობას, სამწუხაროდ ასევე მოექცა გავლენის ქვეშ „დიფ სთეითის“ მხრიდან, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის განმარტებით, ეუთო/ოდირმა ის მანიც შეძლო და რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ 4 ოქტომბრის აქცია იყო ძალადობრივი.

„მთავარია ეუთო/ოდირმა აღიარა, რომ 4 ოქტომბრის აქცია იყო ძალადობრივი. ახლა ამ ძალადობრივ აქციაზე მივიდა ეუთო/ოდირის წარმომადგენელი და მხარდაჭერა გამოუცხადა. ამაზე მეტი აბსურდი რა უნდა იყოს, როცა შენ თვითონ უწოდებ აქციას ძალადობრივს და მერე მიდიხარ და მხარდაჭერას უცხადებ. ეს არის დეკლარირებული მტკიცებულება იმის, თუ როგორი ზეწოლის ქვეშ არის ეუთო/ოდირი და მისი ზოგიერთი წარმომადგენელი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მივიდა და პარლამენტთან შეკრებილებს გაესაუბრა. მან სოციალურ ქსელში რადიკალების მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტები შეკრებილები არიან, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიული კურსის მიმართ“.