სინოპტიკოსები მოსახლეობას ხვალ მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1769767101
2025 წლის დეკემბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 22.5%-ით, 8.8%-ით არის გაზრდილი იმპორტის მაჩვენებელი, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 2025 წელს გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა.
„დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7.2%-ით და აქედან გამომდინარე, 2025 წლის რეალური ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი გახლავთ 7.5 პროცენტი.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია დამმუშავებელი მრეწველობა, შემდეგ ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი, ასევე ტრანსპორტი და დასაწყობება და სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია გამოვლინდა მხოლოდ მშენებლობის სექტორში.
2025 წლის დეკემბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 22.5%-ით, 8.8%-ით არის გაზრდილი იმპორტის მაჩვენებელი. წლიურ ჭრილში სახეზე გვაქვს ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა, ხოლო იმპორტი გაზრდილია 2025 წლის მონაცემებით 9.7%-ით. დეკემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 6 100 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი 1.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. 11%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 18 მილიარდ 330 მილიონ ლარს გადააჭარბა.
რაც შეეხება მიზეზებს, დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდის მიზეზად გვევლინება ძირითადად კვების პროდუქტების და სასმელების წარმოების მოცულობის გაფართოება. ასევე დადებითი ძვრები იყო მეტალურგიულ მრეწველობაში, გაზრდილია თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოების მაჩვენებლები. აღნიშნული აისახა კიდეც საგარეო ვაჭრობის მონაცემებზე — დაახლოებით 3.6-ჯერ არის გაზრდილი ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი, ძირითადად იტალიის და თურქეთის მიმართულებით. ასევე 72%-ით არის გაზრდილი ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციის სფეროში კონსულტაციების გაწევასთან და მასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან. ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორს რაც შეეხება, ზრდა განაპირობა ძირითადად საგზაო და საჰაერო ტრანსპორტში განვითარებულმა მოვლენებმა. ძირითადად, გაზრდილია ტვირთის გადაზიდვის მაჩვენებლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში არსებულ ზრდის ტენდენციებს, ეს დაკავშირებული იყო როგორც სასტუმროების და განთავსების მსგავსი საშუალებების მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან, ასევე კვების ობიექტების და ზოგადად, მზა საკვების მიწოდებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდასთან.
ასევე, აღსანიშნავია საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა. უკვე ხელმისაწვდომია და 2025 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით, დაახლოებით 8.3 პროცენტით არის გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. მათ შორის, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 10.5 პროცენტით არის გაზრდილი. წლიურ ჭრილში კი აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია: ანუ საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 6.2 პროცენტით, ხოლო ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი გაზრდილია 8.4 პროცენტით.
როგორც აღვნიშნე, მშენებლობის სექტორშიგამოვლინდა კლების ტენდენცია, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო სამოქალაქო მშენებლობასთან დაკავშირებულ, შედარებით შენელებულ ტემპთან. ეს შეეხება გზების, ხიდების და ავტობანების მშენებლობას. ანუ გასული წლის შესაბამის პერიოდში შედარებით მეტი მოცულობით იყო სამუშაოები შესრულებული და ეს შესაბამისად, შემცირების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება. ასევე აღსანიშნავია საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდან, რომ 6 პროცენტით არის შემცირებული ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი.
დღეს ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია მშენებლობაზე გაცემული ნებართვების და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ. 2025 წლის მონაცემებით, დაახლოებით 4.2 პროცენტით არის შემცირებული მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მაჩვენებელი. ასევე, 5.9 პროცენტით არის შემცირებული ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა, თუმცა მისი ფართობი გაზრდილია, პირიქით, 8.1 პროცენტით“, – განაცხადა თოდრაძემ.