გოგა გულორდავა: დრომ და ანალიზმა აჩვენა, რომ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჟურნალისტთა ქცევის კოდექსი სათანადოდ ვერ სრულდებოდა

გოგა გულორდავა

დრომ და ანალიზმა აჩვენა, რომ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჟურნალისტთა ქცევის კოდექსი სათანადოდ ვერ სრულდებოდა და შესაბამისად საკანონმდებლო გადაწყვეტილებით შინაარსობრივი რეგულაცია ამ საკითხების გადავიდა კანონის მოქმედების სფეროში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ.

მისივე თქმით, შინაარსობრივ რეგულაციებთან დაკავშირებით, კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით არც ერთ მაუწყებელს შენიშვნა არ გამოუთქვამს.

„2025 წლის აპრილში განხორციელდა ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რამაც თქვა შემდეგი რამ: კანონის რეგულირების ქვეშ მოექცა ისეთი საკითხები, როგორიც არის ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, სამართლიანობის დაცვა, პასუხის უფლება, ისეთი ფუნდამენტური უფლებები როგორიც ადამიანის ღირსება და პატივი. უნდა ავღნიშნოთ, რომ ჟურნალისტური სტანდარტები და აქამდე მოქმედი მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ამას ისედაც არეგულირებდა, პასუხისმგებლიან მედიას, რომელიც იცავს ჟურნალისტიკის მაღალ სტანდარტებს, ამ სტანდარტებით ისედაც უნდა ეხელმძღვანელა. თუმცა დრომ და ანალიზმა აჩვენა, რომ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ქცევის კოდექსი სათანადოდ ვერ სრულდებოდა და შესაბამისად საკანონმდებლო გადაწყვეტილებით შინაარსობრივი რეგულაცია ამ საკითხების გადავიდა კანონის მოქმედების სფეროში. კანონის მიღების შემდგომ, კანონმდებელმა გააკეთა დათქმა, მაუწყებლებს მიეცათ 2 თვიანი საშეღავათო პერიოდი, რომ არსებული სარედაქციო პრაქტიკა, რეგულაციების ჩარჩოებში მოექციათ და გადასულიყვნენ რეგულირებით დადგენილ ნორმებზე. ამის შემდეგ კომისიამ შეიმუშავა ძალიან საინტერესო დოკუმენტი შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებით, რომელმაც მკაფიოდ განმარტა რა არის სამართლიანობა, რა არის მიუკერძოებლობა, რას ნიშნავს პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები. მკაფიოდ არის განსაზღვრული დოკუმენტში რაზე გაამახვილებდა კომისია ყურადღებას, რა იქნებოდა შეფასების კრიტერიუმები. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დოკუმენტი მაუწყებლებს გაეგზავნათ 2025 წლის სექტემბერში, თუმცა არც ერთ მაუწყებელს შენიშვნა ან კომენტარი არ გამოუთქვამს“, - განაცხადა გოგა გულორდავამ.