გლდანის რაიონის გამგებელი: მე-8 მიკრორაიონის მე-13 კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით 7000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება

გლდანის რაიონის გამგებელი

გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, თბილისის მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ დეტალებს ასაჯაროებს.

საუბარია გლდანის რაიონში დაგეგმილი სკვერის მოწყობის პროექტზე. გამგებელი სოციალურ ქსელში წერს, თუ რა მასშტაბების სამუშაოები ჩატარდება.

„დედაქალაქის მერმა, ბატონმა კახა კალაძემ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, რომ გლდანის გამგეობის მიერ, მე-8 მიკრორაიონის მე-13 კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით 7000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონა, მოეწყობა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - რულონური ბალახი დაიგება და ხე-მცენარეები დაირგვება. ასევე, სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდება. ყველანაირად მოწესრიგდება აღნიშნული ტერიტორია.

ტერიტორიის მიმდებარედ, ათამდე ავტოფარეხს დემონტაჟი ჩაუტარდება.

გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, უსახური ავტოფარეხებისა და მოღობილების ნაცვლად, მეტი მწვანე სივრცის შექმნა გლდანის რაიონში“, - აღნიშნავს ბესიკ კალაძე.