გიორგი სიორიძე: პარტიების აკრძალვა არის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და ისტორიული განაჩენისთვის

გიორგი სიორიძე

პარტიების აკრძალვა არის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და ისტორიული განაჩენისთვის, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

სიორიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არ იცის, როგორ უნდა გაგრძელდეს და როგორ უნდა დასრულდეს ეს პროცესი.

„მათ წამოიწყეს ეს ძალიან სახიფათო თამაში და დღეს თავადვე არიან აბლანდული, თავგზა აურიეს საკუთარ პატრონსაც – ივანიშვილსაც. ამდენი თვეა, ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა არანაირი ქმედება, არანარი ნაბიჯი არ გვინახავს გადადგმული, რაც ნიშანია, რომ მათ არ იციან, როგორ უნდა გაგრძელდეს და როგორ უნდა დასრულდეს ეს პროცესი. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს ქვეყანა შეჰყავს იმ სპირალში, რომლის შედეგიც არის არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, იზოლაცია, არამედ სიღარიბე, უმუშევრობის ზრდა, ფასების ზრდა, ის ყველაფერი, რაც თითოეულ მოქალაქეს ძალიან მძიმე ტვირთად აწვება. ამაზე პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნება“. ახლა ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც არ უნდა გადადგან ამ მიმართულებით, კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ამ კრიზისს, პოლარიზაციას და ისევ „ქართულ ოცნებას“ შემოუბრუნდება უკან“, – განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი სარჩელით „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2025 წლის 28 ოქტომბერს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი 4 ნოემბერს გამოაქვეყნა.