გიორგი შარაშიძე: ვერ დავიჯერებ, რომ USAID-ის მიერ საქართველოში პირდაპირ აქციები ყოფილიყო დაფინანსებული

გიორგი შარაშიძე

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლოს ინფორმაცია დადასტურებულ ფაქტად ვერ ჩაითვლება, ამას სათანადო გამოძიება და დადასტურება სჭირდება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს USAID-ის მხრიდან მიღებული აქვს ათობით მილიონი ლარის დახმარება დემოკრატიის, განათლების, ეკონომიკის განვითარებისთვის.

„ერთადერთი რაღაც ვიცი, რომ USAID-ის მხრიდან საქართველოს მიღებული აქვს ათობით მილიონი ლარის დახმარება დემოკრატიის, განათლების, ეკონომიკის განვითარებისთვის. ყოფილი თანამშრომელო რა განცხადებას გააკეთებს, ამას ვერ შევაფასებ. ეს მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებული თემა არ არის. შეიძლება, ბევრი ვერსია იყოს, ეს ადამიანი ამ განცხადებას რატომ აკეთებს. ვერ დავიჯერებ, რომ USAID-ის მიერ საქართველოში პირდაპირ აქციები ყოფილიყო დაფინანსებული“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი მაიკ ბენცი აცხადებს, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა.