გიორგი შარაშიძე: პაატა ბურჭულაძემ სიმართლეზე უნდა ისაუბროს, როგორ გამოიწვია ავანტიურაში მისმა თუნდაც უნებლიე მონაწილეობამ „ქართული ოცნების“ გაძლიერება და საპროტესტო მოძრაობის დასუსტება

გიორგი შარაშიძე

პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდებ, სიმართლეზე ისაუბროს. არ გამოვრიცხავ, შეცდომაში იყოს შეყვანილი, მაგრამ უნდა შეძლოს და ახსნას, როგორ გამოიწვია მისმა მცდელობამ, ავანტიურაში თუნდაც უნებლიე მონაწილეობამ, „ქართული ოცნების“ ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერება და ოპოზიციის, ზოგადად, საპროტესტო მოძრაობის დასუსტება და ეს ფაქტია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ იყო დანაშაული და ამაში განზრახ მიიღო მონაწილეობა – ამის აღიარების გამბედაობაც უნდა ეყოს.

„ბატონმა პაატამ უნდა ახსნას, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. ეს თუ იყო შეცდომა, უნდა დაარქვას შეცდომას – შეცდომა, თუ იყო დანაშაული და ამაში განზრახ მიიღო მონაწილეობა – ამის აღიარების გამბედაობაც უნდა ეყოს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა შანსი, პაატა ბურჭულაძემაც გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, გიორგი შარაშიძე პასუხობს, რომ ეს მისი გადასაწყვეტია.

„ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფითად ვაფასებთ. არ ვსაუბრობთ იმ ხალხზე, ვინც იქ მართლა შემთხვევით მოხვდა და უპასუხისმგებლო ორგანიზატორების გამო მოხვდა ციხეში, მაგრამ ვინც უშუალოდ ორგანიზატორი იყო და ამბობდა, ოთხში ვიწყებთ, ოთხში ვამთავრებთო და თავისი მოქმედებით ხელი შეუწყო „ქართული ოცნების“ დაგეგმილი ბინძური პროვოკაციის აღსრულებას, ამ ხალხმა ამაზე უნდა ისაუბროს, მათ შორის ბატონმა პაატა ბურჭულაძემაც“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

პაატა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა. ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას“.

✕