1764940589
გიორგი შარაშიძე: არცერთ ქართულ „ენჯეოს“ არ აქვს უფლება, ვინმეს მიეყიდოს, მაგრამ არც არავის აქვს უფლება, ეს პროპაგანდისტულად გამოიყენოს არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციისთვის
არცერთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას არ აქვს უფლება, ვინმეს მიეყიდოს, მაგრამ არც არავის აქვს უფლება, ეს პროპაგანდისტულად გამოიყენოს არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციისთვის, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველას ინტერესში უნდა იყოს დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის განვითარება.
„2001-2005 წლებში ვინ, როგორ მუშაობდა, არ ვიცი, ამაზე საუბარი რთულია. კარგი იქნება, დაასახელოს პერიოდი და ყველა ის ორგანიზაცია, ვისზეც საუბარია. არ ვიცი, რა პერიოდზე საუბრობს. საქართველოზე თუ საუბრობს, ჩემთვის ესეც ბოლომდე გასაგები არ არის. შეიძლება, ზოგადად პრაქტიკაზე საუბრობს და ამაზე კომენტარის გაკეთება რთულია. საქართველოს თუ გულისხმობს, მაშინ მე ვისურვებდი, პერიოდი დაეზუსტებინა, რა წლებზეა საუბარი და პირდაპირ დაესახელებინა ის ორგანიზაციები, როგორც არასამთავრობო, ასევე მედია ორგანიზაციები, თუ ეს სიმართლეს შეესაბამება და მართლაც ხდებოდა, რომელიმე უცხოური ძალის მხრიდან ამ ორგანიზაციების მოსყიდვა. თუ ეს ასეა, რა თქმა უნდა, არანაირად მისაღები არ არის და დასაგმობია, დაუშვებელია. არცერთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას იმის უფლება არ აქვს, ვინმეს მიეყიდოს, ვინც არ უნდა იყოს ის, მაგრამ არავის აქვს უფლება, ეს პროპაგანდისტულად გამოიყენოს არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციისთვის. თავისუფალი, დამოუკიდებელი და ძლიერი არასამთავრობო სექტორი დემოკრატიის განუყოფელი და შემადგენელი ნაწილია. ყველას ინტერესში უნდა იყოს როგორც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე დამოუკიდებელი მედიის განვითარება. კონკრეტულ შემთხვევებზე მას შემდეგ ვისაუბრებთ, რაც გვეცოდინება, კონკრეტული შემთხვევების უკან რა იდგა და რა ხდებოდა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა (2001-2005 წლებში), ლოურენს უილკერსონმა ისაუბრა, „როგორ იყენებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს“.











