გიორგი კახიანი: ძალიან გვახარებს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება. ამის გამოხატულებაა ის შეხვედრები, რომელსაც დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ატარებს

გიორგი კახიანი

მისასალმებელია ეს და ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.

გიორგი კახიანის თქმით, ამის გამოხატულებაა ის შეხვედრები, რომელსაც დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად შეერთებულ შტატებში ატარებს.

„თქვენ იცით, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო კონგრესმენებთან, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან და არის ინფორმაციები, რომ ამ შეხვედრებსაც ძალიან პოზიტიური შედეგები შესაძლოა მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველ შემთხვევისთვის, ჩვენ ამის ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვართ მონდომებულები, რომ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობა და ამ თვალსაზრისით მზად ვართ არაერთი ნაბიჯი გადავდგათ. პირიქით, ჩვენ ისიც ვთქვით, რომ მზად ვართ კონკრეტული გზამკვლევი შევიმუშაოთ ამისა, თუ როგორ აღვადგინოთ ეს ურთიერთობები და კიდევ უფრო გავაღრმაოთ კიდეც. ასე, რომ ეს შეხვედრებიც ჩვენი ამ მონდომების გამოხატულებაა“, - აღნიშნა მან.