გიორგი ბარამიძე ნიკა მელიაზე: არა მარტო აბსურდია, არამედ დიდი უზნეობაა, მიხეილ სააკაშვილი გარიგებაში დაადანაშაულო

ბარამიძე

მელია სააკაშვილის წინააღმდეგ - ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირების მორიგი ეტაპი დაიწყო. "თავის ეგოზე ზრუნვით ორსული" - ასე აღწერს ექსპრეზიდენტს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე და 9-იანის მოქმედი ლიდერი.

"სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია", - წერს ნიკა მელია და ყოფილ თანაპარტიელს მასზე ეჭვიანობაში ადანაშაულებს.

პარტია "ახალის" დამფუძნებელი არც იმას მალავს, რომ მიხეილ სააკაშვილს საერთო ინტერესებისთვის ღალატი უყვარს. მსჯავრდებულ და ბრალდებულ ექსპრეზიდენტზე საუბრისას, მელია ღიად ამბობს, რომ ზურგში დანის ჩარტყმაში სააკაშვილი უკვე გამოცდილი ჰყავს.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მელიას მიერ ციხიდან გავრცელებული წერილი სავსეა აბსურდული ბრალდებებით.

"არა მარტო აბსურდია, არამედ დიდი უზნეობაა მიხეილ სააკაშვილი გარიგებაში დაადანაშაულო. ორ პოლიტიკოსს, ორ პოლიტიკურ პატიმარს შორის კამათი, დაპირისპირებაც გამიგია, მაგრამ ასეთი აბსურდი ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანა საქართველოს სიყვარულმა და არა პარტიაში მელიასთან კონკურენციამ, ეს იცით როგორი ბოდვაა? ვინმე ჭკუათმყოფელს შეიძლება ეგონოს, რომ წაართმევდა მიხეილ სააკაშვილს თავის პარტიას? - ეს ხომ სისულელეა", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.