1770743848
გიგა ფარულავა: მოვუწოდებთ მამუკა მდინარაძეს, საზოგადოებას აუხსნას, რა მიზნებისთვის იყო აშშ-ში და ვისთან ჰქონდა შეხვედრები
საზოგადოებას აუხსნან, რა მიზნებისთვის გააგზავნა ბიძინა ივანიშვილმა მამუკა მდინარაძე აშშ-ში და ვისთან ჰქონდა შეხვედრები, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირდება.
„რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდეთ, რომ სუს-ის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე ივანიშვილის მიერ შიკრიკად იყო გაგზავნილი შეერთებულ შტატებში. მაშინ ეს კონკრეტული ინფორმაცია სუს-მა მყისიერად უარყო, დღეს კი თავად დაადასტურეს ის სიცრუე, რაც მაშინ განაცხადეს. კეთილი ინებონ და საზოგადოებას აუხსნან, რა მიზნებისთვის გააგზავნა ივანიშვილმა მდინარაძე და ვისთან ჰქონდა ამერიკაში შეხვედრები.
რა თქმა უნდა, პირველი ივანიშვილის პირადი ინტერესებია. სუს-სა და მამუკა მდინარაძეს მოვუწოდებთ, რომ საზოგადოებას აუხსნან, რა მიზნებისთვის იყო იქ და ვისთან ჰქონდა შეხვედრები. სუს-ის გამოხმაურებას დაველოდოთ“, – აღნიშნა ფარულავამ.
ცნობისთვის, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ 4 თებერვალს განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ანალოგიური ინფორმაცია იმავე დღეს გაავრცელა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი შარაშიძემ. სუს-ში არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ 4 თებერვალს მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფებოდა.
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უწყების ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა.










