გიგა ფარულავა: ხელისუფლებისთვის განსხვავებული აზრის მიღება მიუღებელია და ამ მიმართულებით მოქალაქეებს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას უზღუდავენ

გიგა ფარულავა

ხელისუფლებისთვის განსხვავებული აზრის მიღება მიუღებელია და ამ მიმართულებით მოქალაქეებს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას უზღუდავენ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ფარულავას კითხვა დაუსვეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ მორიგ ცვლილებებზე, რომელთა მიხედვითაც, „სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით და საგნით გადაკეტვაც“.

„უმრავლესობა ამ ცვლილებების მომზადების მიზეზად ბალანსს ასახელებს, თუმცა, რეალურად, მიზნები პოლიტიკურია. მიზანია, მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი პროტესტი ჩაახშონ და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება ჰქონდეს, თავად განსაზღვროს, კონკრეტული აქცია ჩატარდეს თუ არა კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც სპონტანურად გადაწყვეტენ მოქალაქეები, რაღაც ფაქტი, მოვლენა გააპროტესტონ. ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ პოლიტიკური პროტესტებია, არამედ ბევრი მწვავე სოციალური პრობლემაა, რაზეც პროტესტი აქვთ. ხელისუფლებისთვის განსხვავებული აზრის მიღება მიუღებელია და ამ მიმართულებით მოქალაქეებს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას უზღუდავენ. როცა ბალანსზე საუბრობენ, რამდენად პროპორციულია იმ მოქალაქეების პატიმრობა, ვინც საკუთარ პოზიციას პროტესტის სახით მშვიდობიანად გამოხატავს?“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.