კონფლიქტის გამწვავების გამო ტაილანდსა და კამბოჯაში 500 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ტაილანდი

„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ტაილანდსა და კამბოჯას შორის კონფლიქტის გამწვავების გამო საკუთარი სახლების იძულების წესით დატოვება 500 000 ადამიანს მოუწია, მშვიდობიანი მოქალაქეები თავს ბუდისტურ ტაძრებს, სკოლებს და სხვა უსაფრთხო ადგილებს აფარებენ.

ტაილანდის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, თავშესაფრებში გადაყვანილია ქვეყნის შვიდი პროვინციის 400 000 მცხოვრები. კამბოჯის თავდაცვის უწყებაში კი 100 000 ადამიანის ევაკუაციის შესახებ იუწყებიან.

კამბოჯასა და ტაილანდს შორის კონფლიქტი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება. ის 7 დეკემბრიდან კიდევ ერთხელ გამწვავდა.

მანამდე, საბრძოლო მოქმედებები ორ ქვეყანას შორის ივლისშიც მიმდინარეობდა, თუმცა მაშინ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით სამშვიდობო ზავი გაფორმდა. მას ხელი ოქტომბრის ბოლოს მოეწერა. თუმცა, ნოემბერში ტაილანდმა შეთანხმება დატოვა. ამის მიზეზად სასაზღვრო ზონაში ნაღმის აფეთქების შედეგად ორი ტაილანდელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა დასახელდა. ამის გამო ბანგკოკმა კამბოჯა სამშვიდობო ზავის დარღვევაში დაადანაშაულა.

კამბოჯასა და ტაილანდს შორის კონფლიქტის გამწვავების ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს ტელეფონით გაესაუბროს ორი ქვეყნის ლიდერებს, რათა ომი შეაჩეროს.