ბექა მიქაუტაძე დედაქალაქის მერის მიერ „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება

ბექა მიქაუტაძე

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, მიერ „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამასთან დაკავშირებულ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ბექა მიქაუტაძის თქმით, თბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას 1 სექტემბრიდან წარმატებით ახორციელებს და  ძვირადღირებული მედიკამენტები ასზე მეტ მოქალაქეს უკვედაუფინანსდა.

„აღნიშნული ქვეპროგრამა მიზნად რევმატოიდული ართრიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის უზრუნველყოფას ისახავს, რაც დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად და პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

აღსანიშნავია, რომ „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის მოქმედების დაწყებიდან თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი „აქტემრა“ უკვე 129 მოქალაქეს დაუფინანსა.

პროგრამა სამ თვეში ერთხელ, „აქტემრას“ მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლითაც  მოქალაქეზე აფთიაქში მედიკამენტი გაიცემა.სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით,უფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ით.

მოქალაქემ მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად შესაბამისი საბუთებით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.

თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული.

რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი ავტოიმუნური დაავადებაა, მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე კი შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა.