1756310770
გია ვოლსკი: რატომ უნდა გავაუქმოთ ოჯახური ღირებულებების კანონი? ეს ადამიანის უფლებებთან არ არის კავშირში, არამედ დაკავშირებულია იდეასთან, რომ საქართველოში დაპირისპირების კერები შეიქმნას

ევროპის საბჭოს ექსპერტები და არა წევრები ამბობენ, რომ საქართველოში ის მდგომარეობაა შექმნილი, როცა ევროსაბჭომ საქართველოს მიმართ რადიკალური ზომები უნდა მიიღოს და არა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ, არამედ საზოგადოების მიმართ, რასაც აქედან რადიკალური ოპოზიცია კარნახობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება, საზოგადოება ხელისუფლებაზე გაბრაზდეს და ქუჩაში ისე გამოვიდეს, რომ ფიზიკური დაპირისპირების პირობებში ხელისუფლება დაამხონ.
„ვინაიდან, ხალხი მხარს არ უჭერს, ახალგაზრდები უნდა გაღიზიანდნენ, რათა საზოგადოება დაისაჯოს. რაც შეეხება „ფარას“ ნაწილს, ეს ის კანონია, რითაც დავინახეთ, კონკრეტული ადამიანები როგორ ფინანსდებიან. ადამიანები იმაში ხელფასს იღებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ განცხადებები გააკეთონ. ელემენტარული ფორმულაა, თქვა, რას იღებ, რისთვის და თუ რაიმე დაფინანსება გაქვს, რადიკალიზმის განვითარებისთვის არ გამოიყენო. ეს იმ კანონში წერია, რომელიც გვაქვს და რომლის გაუქმებასაც ითხოვენ. ეს კანონი არ უნდა გაუქმდეს. მაგალითები არსებობს, არასამთავრობო ორგანიზაციები როგორ მოქმედებენ დასავლეთ ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. გამორიცხულია, რომ რომელიმემ თავისი ხასიათი და პროგრამა დამალოს. საქართველოში გეუბნებიან, რომ ინფორმაცია არ უნდა მოითხოვო, თუ რა თანხით ფინანსდება ექსტრემიზმი და ჩუმად უნდა იყო“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გია ვოლსკის განცხადებით, მათთვის აღნიშნული კანონი პრინციპულია, რადგან დღის წესრიგში მთავარი თემაა, რომ საქართველო ისეთ პროცესში ჩაერთოს, რაც შეიძლება, მონათლული იყოს, როგორც პროქსი ომი რუსეთთან.
„ასეთ საკითხზე რა გადაწყვეტილება უნდა მიიღო? მათთვის ეს კანონი პრინციპულია, რადგან დღის წესრიგში მთავარი თემა დგას, რომ საქართველო ისეთ პროცესში უნდა ჩაერთოს, რომელიც შეიძლება, მონათლული იყოს როგორც პროქსი ომი რუსეთთან. რუსეთთან დაპირისპირება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით არის განპირობებული. ანტაგონიზმის გარკვეული დონე არსებობს, რომლის იქით კონკრეტული ქმედებებია. ჩვენგან ამ ქმედებებს ითხოვენ და იმით არ კმაყოფილდებიან, რომ ჰააგა და სტრასბურგი არაერთხელ მოვიგეთ. ამას არაფრად თვლიან. გვეუბნებიან, ჩვენს საგარეო კურსს არ შეესაბამებით, ეკონომიკური სანქციები აუცილებლად დაწესებული უნდა იყოსო. საგარეო კურსის შესაბამისობა მოთხოვნებიდან ამოიღეს. მოთხოვნა იყო, ჩინეთთან ურთიერთობა დაძაბულიყო და შუა დერეფნის გამოყენება არ მომხდარიყო. ასევე ითხოვდნენ ურთიერთობის დაძაბვას რუსეთთან. ამას რომ არ აკეთებ, სხვა მიზეზები მოიგონეს, თითქოსდა გამჭვირვალობა არაევროპული სტანდარტია და ვითომ, უმცირესობის უფლებებს არ ვიცავთ. რატომ უნდა გავაუქმოთ ოჯახური ღირებულებების კანონი? ამაში ისეთი რა არის, რაც ევროპულ სტანდარტს არ შეესაბამება? იგივეს გაკეთებას უკრაინისგან რას ითხოვენ? ამ კანონის ამოღება ადამიანის უფლებების დაცვასთან არ არის დაკავშირებული, დაკავშირებულია იდეასთან, რომ საქართველოში დაპირისპირების კერები უნდა შეიქმნას“, – განაცხადა ვოლსკიმ.