განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, უსაფრთხოების გამოწვევებს - ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთში პრეზიდენტის და ქართული დელეგაციის ვიზიტზე

nikoloz samxa

სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დღეიდან იწყება. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ იმ საკითხებზე ისაუბრა, რასაც შეხვედრების დროს მხარეები განიხილავენ.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დადებითი დინამიკა არსებობს და ეს ვიზიტიც სწორედ ამის მაგალითია.

"სლოვაკეთსა და საქართველოს ურთიერთობებს შორის არის დადებითი დინამიკა და ეს ვიზიტიც არის ერთ-ერთი გამოხატულება ამ დინამიკისა და ურთიერთობებისა.

განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, თუმცა ასევე გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც როგორც სლოვაკეთს, ასევე საქართველოს აქვს, როგორც რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტიდან გამომდინარე", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის,ბრატისლავაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური შეხვედრები დღეიდან იწყება. მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სლოვაკეთში გუშინ გაემგზავრა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში შედგება. დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და პეტერ პელეგრინის პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, ასევე მედიისთვის ერთობლივი განცხადების გაკეთება. მიხეილ ყაველაშვილი შეხვდება ასევე სლოვაკეთის ვიცე-პრემიერსა და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, ბრატისლავას ისტორიული ციხესიმაგრე, საქართველოს დროში ფერებში განათდა.