გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი: ჩემი ვიზიტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ძალიან დროული იყო ინოვაციების სამიტის სამზადისის პროცესში, რომელიც ასევე ქუთაისში გაიმართება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი

 „ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, კერძოდ, თუმოში (TUMO). დიდი სიამოვნებით შევხვდი სტარტაპებს, რამაც მოგვცა გარკვეული იდეები და მოსაზრებები ინოვაციების სამიტისთვის, რომელიც ასევე ქუთაისში გაიმართება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა (UN Tourism) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ეგიდით“ - განაცხადა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ქუთაისის ტექნოჰაბში დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა. ტექნოჰაბში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ სტარტაპებთან.

„ამ შეხვედრამ დაგვაფიქრა იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სტარტაპებს შესაფერისი მონაწილეებისა და უნივერსიტეტების მოზიდვით, არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ ჩვენი მთლიანი ქსელიდან და როგორ შევუწყოთ ხელი ამ სტარტაპების ცნობადობის ამაღლებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივანმა.

ამასთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა ხაზი გაუსვა, რომ ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, სტარტაპებს მიეცეთ ახალი კონტაქტებისა და კავშირების დამყარების შესაძლებლობა იმ ქსელის მეშვეობით, რომელიც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას (WIPO) უკვე გააჩნია.

„ასე რომ, ვფიქრობ, ჩემი ვიზიტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ძალიან დროული იყო ამ სამიტის სამზადისის პროცესში, რომელსაც პირადად დიდი ინტერესით ველოდები“, - აღნიშნა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა.