1768763069
ევროპამ ძალიან ბევრი მცდარი ნაბიჯი გადადგა საკუთარი სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ - თენგიზ შარმანაშვილი
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს. შათირიშვილი "დიფ სთეითის" რებრენდინგზე წერს და აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომით ევროპა დასუსტდა, ევროკავშირში პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, "დიფ სთეითს" კი დარჩა მხოლოდ ერთი - შტატებისა და ევროპის პარტნიორობის ჩამოშლა.
"დიფ სთეითის" მიერ მართული დონალდ ტრამპის მხრიდან გრენლანდიის მოთხოვნა მხოლოდ საბაბია, ევროპასთან კონფლიქტის და ევროპისგან გათავისუფლების საბაბი" - წერს შათირიშვილი და სვამს კითხვას, სად არიან და რა აზრზე არიან ის ე.წ. ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ პოლიტიკოსები, რომლებიც შტატებს, დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ და მისგან ხსნას ელოდნენ.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ევროპა თავის სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ მცდარ ნაბიჯებს დგამს.
"თქვენ იცით, რომ ტრამპმა დააანონსა, რომ ტარიფებს გაუზრდის ევროპას, გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით.
დღეს ხაზინის მდივანი გამოვიდა და მოუწოდა ევროპელებს, რომ საპასუხო ნაბიჯების გადადგმისგან თავი შეეკავებინათ, რადგან ეს იქნება დიდი უგუნურობა, მაშინ ევროპის საწინააღმდეგოდ კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადმოდგამსო.
ახლა გაახსენდა გერმანიას, რომ თურმე რუსეთი ევროპის ნაწილი ყოფილა, მაკრონმა თქვა, რომ დროა, რუსეთთან დიალოგი დავიწყოთო... აი, ასეთი ვითარებაა, იმიტომ, რომ ევროპამ ძალიან ბევრი მცდარი ნაბიჯი გადადგა თავის სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ... მოინდომა ამ "დიფ სთეითის" ზეგავლენით, რაღაც იდეოლოგიის გასავრცელებლად, ხუთჯერ მოიცალეს ჩვენთვის, რომ ქვეყანა რევოლუციისკენ წასულიყო, აი, ეს ნიშნებია ინტერესთა გაცხოველებული დაპირისპირება", - აცხადებს შარმანაშვილი.












