ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დონეზე, როცა გვექნება ამის შესაძლებლობა, დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რათა მომავალში ყველასთვის იყოს მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცეს თავმჯდომარე ქვეყანა - ლევან მახაშვილი ელინა ვალტონენის შესახებ

ლევან მახაშვილი

"ჩვენ აუცილებლად გავაცნობთ ჩვენს პოზიციას საპროტესტო ნოტის სახით ეუთოს ყველა წევრ სახელმწიფოს და ზოგადად, სამდივნოს, რათა ყველამ იცოდეს, რომ რეალურად ამ ადამიანმა, რომელიც თავისი გადმოსახედიდან მოქმედებდა ეუთოს სახელით, მან დაარღვია თავისი ფუნქცია და მანდატი", - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი საურობს.

ის ეხმაურება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გზის უკანონოდ გადაკეტვაში მონაწილეობას.

"ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ იყო საქართველოში ორმხრივი ვიზიტით. იგი აქ იმყოფებოდა როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, ამიტომ, იგი ვალდებული იყო დაეცვა ეუთოს მიდგომა, პოზიცია, დამოკიდებულება საქართველოსადმი და ის ძირითადი პრინციპები, რასაც ეფუძნება ხოლმე ეუთოს ქმედებები. მან სრულიად უგულებელყო ეს ფუნქცია.

ჩვენ აუცილებლად გავაცნობთ ჩვენს პოზიციას საპროტესტო ნოტის სახით ეუთოს ყველა წევრ სახელმწიფოს და ზოგადად, სამდივნოს, რათა ყველამ იცოდეს, რომ რეალურად ამ ადამიანმა, რომელიც თავისი გადმოსახედიდან მოქმედებდა ეუთოს სახელით, მან დაარღვია თავისი ფუნქცია და მანდატი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დონეზე, როდესაც გვექნება ამის შესაძლებლობა, აუცილებლად დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რათა მომავალში ყველასთვის ეს იყოს მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს თავმჯდომარე ქვეყანა", - აცხადებს ლევან მახაშვილი.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვისთვის" 5 000 ლარით დაჯარიმდა. ინფორმაცია "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.