,,ეუთო/ოდირის უარი კიდევ ერთი დასტურია, რომ ორგანიზაციას ეშინია სიმართლის თქმის იმ უსამართლო ბულინგასა და შეტევაზე, რომელსაც აუცილებლად მიიღებდა, თუკი გავითვალისწინებთ 2024 წლის არჩევნების შედეგებს" - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

 მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტს უწოდებს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას - დამკვირვებლები არჩევნებზე გაუშვას ჩეხეთში და არა საქართველოში. უარის ოფიციალური მიზეზი - დროის სიმცირე რომ მხოლოდ საბაბი იყო, "ქართული ოცნების" მტკიცებით, ადასტურებს "რუსთავის 2-სადმი "გამოგზავნილი წერილიც. მათივე განმარტებით, ამ ნაბიჯით, საერთაშორისო ორგანიზაციამ თავიდან ზეწოლა აიცილა.

"ჩეხეთში, ანალოგიურად - ზუსტად ერთი თვის ვადაში ხდება ეუთო/ორდირის მისიის ორგანიზება, ჩასვლა და დაკვირვება, საქართველოსთან მიმართებით კი ამ ორგანიზაციამ უარი განაცხადა შეთავაზებაზე, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ ეუთო ოდირს ეშინია სიმართლის თქმის. იმ უსამართლო ბულინგასა და შეტევაზე, რომელსაც ეუთო/ოდირი აუცილებლად მიიღებდა, თუკი გავითვალისწინებთ 2024 წლის არჩევნების შედეგებს", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

"კურიერმა" სადამკვირვებლო მისიისთვის გაგზავნილ წერილობით შეკითხვაზე ეუთო/ოდირის ოფიციალური პასუხი გუშინ მიიღო. მასში ნათქვამია, რომ ჩეხეთის მთავრობისგან 2 სექტემბერს გაგზავნილ მიწვევაზე მათი პასუხი დადებითია. ვადა, ამ შემთხვევაში, საქართველოსთან ანალოგიურია, თუმცა გადაწყვეტილება - რადიკალურად განსხვავებული.