1792663955
ეს სარჩელი სწორედ იმისთვის შეიქმნა და წარედგინა სასამართლოს, რომ პოლიტიკური ველი გაიწმინდოს ისეთი სუბიექტებისგან, რომლებიც ამ 14 წლის განმავლობაში მუდმივად ცდილობენ ქვეყანაში დესტრუქცია შემოიტანონ - იოსებ ჯორბენაძე
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ჯორბენაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა. ამ თემაზე დეპუტატმა „დღის ქრონიკაში“ ილაპარაკა და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო მმართველი პარტიის სარჩელს სრულად დააკმაყოფილებს. ის ასევე გამოეხმაურა პროცესთან დაკავშირებით უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებს.
„ეს სარჩელი სწორედ იმისთვის შეიქმნა და წარედგინა სასამართლოს, რომ პოლიტიკური ველი გაიწმინდოს ისეთი სუბიექტებისგან, რომლებიც ამ 14 წლის განმავლობაში მუდმივად ცდილობენ ქვეყანაში დესტრუქცია შემოიტანონ. მოგეხსენებათ, რომ ეს პარტიები ძირითადად ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ ცნობენ, პარლამენტის საქმიანობაში ჩართვა მხოლოდ ერთმა მათგანმა გადაწყვიტა, ერთი წლის შემდეგ. თვალნათელია, რატომ მოხდა ასე, იმიტომ, რომ გარე ძალების დავალებით ბევრს ჰქონდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის იმედი და როდესაც ეს არ გამოვიდა, გადაწყვიტეს პარლამენტში შემოსვლა ჩვენმა კოლეგებმა. ეს სარჩელი მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ დემოკრატიული, სუვერენული განვითარება ჰპოვოს ჩვენმა სახელმწიფომ, მათ შორის საგარეო ასპარეზზე. აქედან გამომდინარე, შევქმენით ეს პრეცედენტი და დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო მაქსიმალური ობიექტურობითა და მიუკერძოებლობით გამოიტანს საბოლოო განაჩენს ამ საქმესთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ჯორბენაძემ.












