1791143556
ეს იყო ძალიან დიდი შავი ლაქა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პროცესში, როდესაც ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გადატრიალებას დაუჭირა მხარი" - ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე
2025 წლის 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებს მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ერთი წლის წინ კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში ჩართული პირები საგარეო დაკვეთითა და ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ.
ხელისუფლების შეფასებით, სწორედ ამ კავშირით აიხსნება ის, რომ ბრიუსელის ოფიციალური პირები დედაქალაქში მომხდარ ძალადობასა და პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას დღემდე არ გმობენ.
"ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკური ძალები და ბიუროკრატია, იმის მაგივრად, რომ სწორედ დემოკრატიას უჭერდეს მხარს, მხარს უჭერს სახელმწიფო გადატრიალებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდი შავი ლაქა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პროცესში, როდესაც ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა არა დემოკრატიულ არჩევნებს, არამედ გადატრიალებას დაუჭირა მხარი.
ბოდიშს ვერ იხდიან, რადგან ძალიან რთულია საკუთარი მძიმე ქმედების აღიარება და შემდგომ უკვე ბოდიშის მოხდა," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამავე თემაზე გუშინ ვრცელი წერილი გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ.











