„ეს არის კიდევ ერთი ძალიან მძიმე დარტყმა რადიკალური ოპოზიციისთვის“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის გზავნილს მმართველ გუნდში აფასებენ

მკ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის გზავნილს მმართველ გუნდში აფასებენ. დეპუტატები აქცენტს აკეთებენ იმ ნაწილზე, რომელიც ოპოზიციას, ეხება.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ეს არის კიდევ ერთი ძალიან მძიმე დარტყმა რადიკალური ოპოზიციისთვის.

„პრაქტიკულად განაჩენია. ამით კიდევ ერთხელ გაცხადებულია მინიშნება სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რა ნეგატიური როლი ითამაშეს ამ მოცემულობაში საქართველოს ოპოზიციურმა ძალებმა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

„მკაფიო მესიჯებს შეიცავს, მათ შორის ოპოზიციის მიმართ, რომელსაც პირდაპირ ეუბნებიან, იმას, რაც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თუკი გამოხატავ გარკვეული რაოდენობის ამომრჩევლის პოზიციას, რასაკვირველია პარლამენტში უნდა იყო და არ უნდა ზრუნავდე იმაზე, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს.