„ეს არის ფაქტი, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები, ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი „დიფ სთეითს“ - ირაკლი ზარქუა IPSOS-ის კვლევაზე

ირაკლი ზარქუა

დეზინფორმაცია, კორუფცია, მთავრობის არასაკმარისი ანგარიშვალდებულება - IPSOS-ის კვლევა აჩვენებს, რომ დასავლეთის ქვეყნებში ამომრჩევლები შეშფოთებულები არიან დემოკრატიის წინ მდგარი საფრთხეებით. წამყვანი მარკეტინგული ორგანიზაციის კვლევა, რომელიც გამოცემა Politico-მ გამოაქვეყნა, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა.

"ეს არის ფაქტი, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი "დიფ სთეითს". საფრანგეთს ეკონომიკური ზრდა აქვს 0.5%, გერმანია რეცესიისკენ არის, მინუსი აქვს. დანარჩენ ევროპულ სახელმწიფოებს ან ინფლაცია უტევთ, ან დაბალი ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არაჯანსაღ პოლიტიკას ატარებენ და ამან ასახვა პოვა იმ კვლევებში, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი IPSOS-ის კვლევების სახით. ყველა დიდი ევროპულის სახელმწიფოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს. ეს არის პირდაპირი დემონსტრირება, რომ ყველამ თავისი ხალხისა და ქვეყნის საქმეები უნდა აკეთოს," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც 9 ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩატარდა, გაირკვა, რომ ამომრჩეველთა, დაახლოებით, ნახევარი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია და ფიქრობს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში საფრთხე უფრო გაიზრდება.

ყველა ქვეყანაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მთავრობები, მათ შეხედულებებს სათანადოდ არ წარმოაჩენენ.