„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - შსს განცხადებას ავრცელებს
1763102942
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე. მათ შორის არიან - ინდოეთის, ჩინეთის, ნიგერიის, თურქეთის, პაკისტანის, კამერუნის, სუდანის, ნეპალის, კენიისა და შრი-ლანკის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება.