"ერვოლიბერალებმა ჯობია საკუთარ საზოგადოებას მოუსმინონ და შემდეგ ასწავლონ ჭკუა სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს" - დიმიტრი ხუნდაძე IPSOS-ის კვლევაზე

ხუნდაძე

დეზინფორმაცია, კორუფცია, მთავრობის არასაკმარისი ანგარიშვალდებულება, IPSOS-ის კვლევა აჩვენებს, რომ დასავლეთის ქვეყნებში ამომრჩევლები შეშფოთებულები არიან დემოკრატიის წინ მდგარი საფრთხეებით. წამყვანი მარკეტინგული ორგანიზაციის კვლევა, რომელიც გამოცემა Politico-მ გამოაქვეყნა, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა.

"IPSOS-ის კვლევამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ კვლევამდე ვსაუბრობდით, რომ დასავლეთში თავად საზოგადოებაა წინააღმდეგი იმ პოლიტიკის, რასაც მათი მთავრობები ატარებენ ბოლო პერიოდში. მზარდია საზოგადოებაში უკმაყოფილება. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი ხელისუფლებები მათ ინტერესებს ვერ იცავენ - ისინი უყურებენ კორუფციას, ისმენენ დეზინფორმაციას და დემოკრატიის სიმცირის ხარისხი მათთვის თვალშისაცემია. ვფიქრობ, ერვოლიბერალებმა ჯობია საკუთარ საზოგადოებას მოუსმინონ და შემდეგ ასწავლონ ჭკუა სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს და მათ ხალხზე ზეწოლის მოხდენისაგან თავი შეიკავონ," - აცხადებს "ხალხის ძალის" წევრი, დიმიტრი ხუნდაძე,

შეგახსენებთ, რომ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც 9 ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩატარდა, გაირკვა, რომ ამომრჩეველთა, დაახლოებით, ნახევარი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია და ფიქრობს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში საფრთხე უფრო გაიზრდება.

ყველა ქვეყანაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მთავრობები, მათ შეხედულებებს სათანადოდ არ წარმოაჩენენ.