ერთადერთი მიზეზი, რატომაც ნებაყოფლობით ვაკეთებთ, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს, უკრაინელი ხალხისთვის გვერდით დგომაა. სხვა არავინ იმსახურებს ჩვენს ასეთ დამოკიდებულებას - არც ბრიუსელი, არც ზელენსკი და არც ევროკომისია - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

 ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები, ვიდრე ევროკავშირის ელჩის ინტერესები, რომლებიც ჩვენთვის შემთხვევში ნაკლებად საინტერესოა ამ შემთხვევაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ამგვარად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომ ევროკავშირის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გრანტების შესახებ კანონზე სასაუბრო მივიდა, სამინისტრომ კი განცხადება ევროკავშირის სანქციების სიაში ყულევის პორტის შესაძლო დამატების შესახებ გააკეთა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა ღია პოზიცია, რომ გაოცებული ვართ, რატომ აღმოჩნდა იმ პროექტში და დასახელებაში ყულევის პორტი. კაია კალასს ჰკითხეს კიდეც ამასთან დაკავშირებით და პასუხიც ვერ გასცა საერთოდ და ვერც გასცემდა, ვინაიდან არანაირი საფუძველი არ არსებობს. ოთხი წლის განმავლობაში არც ერთი შენიშვნა, კითხვის ნიშანი არ ყოფილა ჩვენი პორტების ოპერირებაზე”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან აქვე საქართველოს მიერ გაბრუნებული გადაზიდვებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ამას კეთილი ნებით უკრაინელი ხალხის გვერდით დგომისთვის აკეთებს.

„საქართველოს 57 გემი გაჩერებული და გაბრუნებული ჰყავს რომლებიც ღმერთმა უწყოს, საიდან გამოპარებულია და ყველა ქვეყანამ თავისკენ მოიკითხოს, როგორ მოძრაობენ ეს გემები. საქართველო პირნათლად ასრულებს, კეთილი ნებით, საკუთარი ინიციატივით იკისრა ვალდებულება, რომ არ გამოაყენებინოს საქართველოს სანქციისთვის გვერდის ასავლელად. არანაირი ვალდებულება ევროკავშირთან არ გვაქვს საერთოდ. ეს არის ჩვენი კეთილი ნება, რომელსაც ვიჩენთ არა ევროკავშირის ელჩის, ევროკომისიის ან ზელენსკის პატივისცემის, არამედ უკრაინელი ხალხის გამო.

ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ კეთილი ნებით, ნებაყოფლობით ვაკეთებთ ამას, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს, არის უკრაინელი ხალხისთვის გვერდით დგომა. სხვა არავინ არ იმსახურებს ჩვენს ასეთ დამოკიდებულებას - არც ბრიუსელი, არც ზელენსკი და არც ევროკომისია. მადლობა გვითხრან, მათ შორის, ბრიუსელიდან, რომ ამას ვაკეთებთ ჩვენ და მათგან გამოპარებულ საქონელს ვაჩერებთ. სახმელეთო საზღვარზე საქართველოში 2000-ზე მეტი გადაზიდვა გამოვლინდა, შეჩერდა და საზღვრიდან უკან გაბრუნდა”, - განაცხადა პაპუაშვილმა.