ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტ

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება ელექტროშოკური მოწყობილობის, გაზის აეროზოლის (ე.წ. წიწაკის სპრეი) და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა-შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადატანა-გადაზიდვას და გასაღებას. მისივე თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული იარაღის შეძენა-ტარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია და მათი აღრიცხვის და კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლებსა თუ სკვერებში აღნიშნულ იარაღს არასრულწლოვანი პირები კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის იყენებენ.

კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პოლიციის წინასწარი თანხმობის შემდეგ, კონკრეტული დასაბუთების საფუძველზე, აღნიშნული იარაღის შეძენის საშუალება მიეცემათ.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ლიცენზირებასა და ნებართვას გაზის აეროზოლური მოწყობილობის და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შემოტანა, დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტ-ექსპორტი, რეექსპორტი ან ამ იარაღით ვაჭრობა დაექვემდებარება.

კომიტეტმა ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.