ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში ცნობად მიიღო

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში ცნობად მიიღო

 „ბიზნესის საქმიანობასთან დაკავშირებით სასამართლოებში დავების სტატისტიკა კლებადია. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დინამიური, საქმიანი და გამჭვირვალეა, რაც ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის შეფასებისას. მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის ბიზნესის დასახმარებლად კიდევ უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგას, რათა მან, თავის მხრივ, შესაბამისი სექტორების მოდერნიზება და წარმოების პროდუქტიულობის გაზრდა შეძლოს.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის ანგარიში საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ოთარ დანელიამ წარადგინა. მომხსენებელმა საანგარიშო პერიოდის სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 2024 წელს აპარატში 200-მდე კორესპონდენცია შევიდა და 130 შეხვედრა გაიმართა. მიმართვიანობის ძირითად მიმართულებებს ვაჭრობასთან, აგრარულ მეურნეობასთან, ტრანსპორტთან, ლოჯისტიკასა და მრეწველობასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა. მისივე თქმით, დავების დიდი ნაწილი ფინანსთა სამინისტროზე მოდიოდა. დავები ასევე წარმოებდა საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის წინააღმდეგ.

„რაც შეეხება რეგიონების მიხედვით მიმართვიანობის სტატისტიკას - 70%-ზე მეტი თბილისზე, დაახლოებით 10% კი აჭარაზე მოდის. ამ კუთხით ყველაზე ნაკლებად აქტიური გურია, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთია“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ბიზნესომბუდსმენმა სასამართლო დავების დროს მისი აპარატის სასამართლოს მეგობრის სტატუსით გამოყენების ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი რამდენიმე სასამართლო პროცესში აქტიურად იყო ჩართული.

სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მთავრობის მიერ ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი წარადგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტის თანახმად, შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, კოდექსში შესაბამისი სანქციები განისაზღვრება. სანქციები საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ზღვასა და ხმელეთზე განთავსებული სანავიგაციო ნიშნების დაზიანებისათვის განისაზღვრება.

კომიტეტის წევრები მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ შეთანხმებებსაც გაეცნენ, რომლებიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა, გენადი არველაძემ და ვახტანგ ცინცაძემ წარადგინეს.

კომიტეტზე განხილულ საკითხებზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს.